CinéDOC Summer School 2019

CinéDOC Summer School 2019

 

Noosfera Foundation-ი აცხადებს CinéDOC Summer School-ის მეორე გამოშვებისთვის აპლიკაციების მიღებას. წლევანდელი პროგრამის მთავარი თემაა მონტაჟი და კინოთხრობა. წელს ვთანამშრომლობთ პოტსდამ-ბაბელსბერგის „კონრად ვულფის სახელობის კინოს უნივერსიტეტთან“ – პროექტის ფარგლებში ვუმასპინძლებთ ცნობილი კინოაკადემიის პროფესორსა და სტუდენტებს.

მონტაჟი ცნობილია როგორც „უხილავი ხელოვნება“, რისი ოსტატურად შესრულების შემთხვევაში ფილმი ისე გარდაიქმნება, რომ მაყურებელი მონტაჟის რეჟისორის შემოქმედებას ვეღარც კი აღიქვამს. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დოკუმენტური ფილმის შექმნის დროს, რადგან ხშირად კინოამბავი სწორედ მონტაჟის ეტაპზე იკვეთება. მან კრეატიულად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული გამოსახულება, ამბავი, დიალოგი, მუსიკა, რიტმი და ხელახლა  წარმოიდგინოს ან თავიდან შექმნას სრულყოფილი ფილმი.

გთავაზობთ ინტენსიური ლექციებით, პრაქტიკული სავარჯიშოებითა და შეხვედრებით სავსე ნაყოფიერ კვირას, რომელსაც საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი კინოპროფესიონალები უხელმძღვანელებენ.

წლევანდელი საზაფხულო სკოლის ტუტორები არიან: დანა ბუნესკუ (რუმინეთი), მონტაჟის რეჟისორი და ბერლინალეს ვერცხლის დათვის მფლობელი; ტუე სტინ მიულერი (დანია), კინოექსპერტი; მერლე იოტე (გერმანია) – „კონრად ვოლფის სახელობის კინოს უნივერსიტეტის“ პროფესორი და ალბერტ ელინგსი, კინოდოკუმენტალისტი, მონტაჟის რეჟისორი და ლექტორი (ნიდერლანდების კინოაკადემია, ამსტერდამის უნივერსიტეტი და რიტველდის ხელოვნების აკადემია).

Summer School-ის მეორე გამოშვებაზე მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ნებისმიერი ასაკის ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ კინორეჟისორებს, ვინც განვითარების, წარმოების ან წარმოების შემდგომ (მონტაჟის) ეტაპზე არსებულ დოკუმენტურ კინოპროექტს წარადგენს.

პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია:

-დოკუმენტური კინოპროექტი, რომლითაც მონაწილეობას მიიღებთ CinéDOC Summer School-ზე

-დოკუმენტური კინოპროექტის ლინკი, სასურველია ინგლისური სუბტიტრებით

-ინგლისური ენის კარგი ცოდნა

-შერჩეულ კანდიდატებს მოეთხოვებათ 150 აშშ დოლარის მონაწილეობის გადასახადის დაფარვა (თანხა განკუთვნილია სასტუმროს ხარჯების, სამჯერადი კვებისა და პროექტში მონაწილეობისთვის).

Noosfera Foundation-ი პროექტის ბიუჯეტიდან გამოყოფს სტიპენდიებს. გთხოვთ აპლიკაციაში მიუთითოთ, გსურთ თუ არა სტიპენდიაზე განაცხადის შემოტანა – გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში მონაწილეობის თანხა შემცირდება.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 23 ივნისი, 2019 წელი. Summer School-ის თარიღია: 29 ივლისი-6 აგვისტო, 2019 წელი.

პროექტის მხარდამჭერია შვეიცარიის განვითრებისა და თანამშრმლობის სააგენტო.

დამატებითი ინფორმაციის ან შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ინდუსტრიული პროგრამის კოორდინატორს, მედეა შარიქაძეს: cinedoc.production@gmail.com

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

 

CinéDOC-Summer School-ის ტუტორები

 

მერლე იოტე – ოპერატორი

მერლე იოტე 2004-2011 წლებში სწავლობდა გერმანიის კინოსა და ტელევიზიის აკადემიაში საოპერატორო ხელოვნებას, რომელიც 2012 წელს დაასრულა.

მისი მასწავლებლები იყვნენ, იუდით კაუფმანი, ჰანს ფრომი, სოფი მენტინუე და  სახელგანთქმული მიხაელ ბალჰაუსი, რომელთან ერთადაც მან გადაიღო „თოვლი“, პროექტის „მომავალი არის ახლა“ ფარგლებში, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებს ეხებოდა.

2003 წლიდან მერლე მუშაობს საოპერატორო სფეროში, მეტწილად დოკუმენტურ და სატელევიზიო პროექტებზე. გარდა ამისა, იგი  კონრად ვოლფის სახელობის ბაბელსბერგის კინოს უნივერსიტეტში საოპერატორო მიმართულების ლექტორია.

მერლე იოტეს ნამუშევრები არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელია, მათ შორის მისი უახლესი ფილმი „ეთერი“ VISION DU RÉEL 2019-ზე იყო წარდგენილი.

 

დანა ბუნესკუ – მონტაჟის რეჟისორი

რუმინელი მონტაჟის რეჟისორი, ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალის ვერცხლის დათვის მფლობელი.

რუმინელმა მონტაჟის რეჟისორი და ხმის რეჟისორმა, დანა ბუნესკუმ დაამთავრა ბუქარესტის უნივერსიტეტი ფიზიკის მიმართულებით, ხოლო მოგვიანებით კი კინოს განხრით განაგრძო სწავლა. მისი რედაქტორობით შეიქმნა რუმინული ახალი ტალღის ფილმების დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორისაა „მისტერ ლაზარესკუს სიკვდილი“, კრისტი პუიუს რეჟისორობით ( 2005 წელი, კანის კინოფესტივალი); „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“, კრისტიან მუნჯიუს რეჟისორობით (2007 წლის კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის,  ოქროს პალმის რტოს მფლობელი); „ბავშვის პოზა“ კალინ პეტერ ნეცერის რეჟისორობით (ფილმის პრემიერა შედგა ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალის 63-ე გამოშვებაზე, მთავარი საკონკურსო სექციის ფარგლებში, სადაც ოქროს დათვით დაჯილდოვდა); „აფერიმ!“ (ინგლისურად: ბრავო!) რადუ ჟუდეს ავტორობით, რომელმაც ბერლინალეს კინოფესტივალზე, საუკეთესო რეჟისურისთვის ვერცხლის დათვი მოიპოვა და დოკუმენტური ნამუშევარი – ნიკოლაე ჩაუშესკუს ბიოგრაფია, ანდრეი უჟიკას რეჟისორობით, რომლის პრემიერაც 2010 წელს კანის კინოფესტივალზე შედგა.

2017 წელს, დანა ბუნესკუს, ფილმისთვის „ანა, ჩემო სიყვარულო“ (რეჟისორი კალინ პიტერ ნეტზარი)  გადაეცა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი – ვერცხლის დათვი საუკეთესო მონტაჟისთვის.

 

ტუე სტინ მიულერიკინოკრიტიკოსი

კინოკრიტიკოსი და მკვლევარი ტუე სტინ მიულერი 1947 წელს დანიაში დაიბადა.  1975-1996 წლებში მუშაობდა დანიის ეროვნულ კინოსაბჭოში, კინომრჩეველის, ფესტივალის მენეჯერის, დისტრიბუტორისა და პრეს-მდივანის პოზიციებზე. ის გახლავთ ბალტიის კინო და სატელევიზიო ფესტივალის (Balticum Film and TV Festival), ევროკავშირის დოკუმენტური ქსელისა (Documentary of the EU) და Filmkontakt Nord-ის თანადამაარსებელი. 

1996-2005 წლებში იყო ევროპული დოკუმენტური ქსელის დირექტორი და 2014 წელს, ორგანიზაციის მხრიდან დაჯილდოვდა ევროპულ დოკუმენტურ კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 2006 წლიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასწავლის დოკუმენტურ კინოხელოვნებას და სტაბილურად აქვეყნებს სტატიებს ვებგვერდისთვის: lmkommentaren. dk.

ტუე სტინ მიულერს მიღებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის, Danish Roos Price 2004 წელს და 2019 წელს კი გადაეცა ორდერი 25 წლის განმავლობაში ლიტვურ კინოში შეტანილი წვლილისთვის. 

 

ალბერტ ელინგსიკინოდოკუმენტალისტი და მონტაჟის რეჟისორი

ალბერტ ელინგსი სწავლობდა ნიდერლანდების კინოაკადემიის კინოდოკუმენტალისკისა და მონტაჟის რეჟისურის ფაკულტეტზე. 2007 წელს მან წარჩინებით დაამთავრა უტრეხტის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა. ამასთანავე კინოდოკუმენტალისტად მუშაობდა ნიდერლანდების საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სანამ საკუთარ საპროდიუსერო კომპანიას დააარსებდა. მისი მრავალი ფილმის საკვანძო თემებია დროის სვლის პარალელურად გამოწვეული ცვლილებები და ის პროცესები, რასაც შემდგომში ხანგრძლივი განვითარების გზა აქვთ. „ჰინტერლანდი, გზა უკან კი მაჩარამდე“ დოკუმენტური ფილმია ყოფილ ბავშვ ჯარისკაცზე სამხრეთ სუდანიდან, რომლის პრემიერა  2012 წელს ამსტერდამში IDFA-ს კინოფესტივალზე შედგა. მას ორმოცზე მეტი დოკუმენტური ფილმი აქვს დამონტაჟებული, რომელთა შორისაც არის ფილმი – „შენახვა და შეგროვება ანუ როგორ იცხოვრო“, რომლის პრემიერა 2018 წელს როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ალბერტ ელინგს რეჟისორის მრჩევლის რანგში მრავალ პროექტზე უმუშავია, ერთ-ერთია მორგან ნიბის ფილმი „ისინი, ვინც ცეცხლს გრძნობენ“. იგი ისეთ უნივერსიტეტებში კითხულობს ლექციებს, როგორებიცაა:  ნიდერლანდების კინოაკადემია (სამაგისტრო პროგრამა), ამსტერდამის უნივერსიტეტი (მედიის სამაგისტრო პროგრამა) და ამსტერდამის რიტველდის ხელოვნების აკადემია.

 

A project of